January 24, 2012

დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება სუფთა ენერგიის პროგრამა (EC-LEDS)

2012 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობასა და ამერიკის მთავრობას შორის (საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შუამდგომლობით) ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კლიმატის ცვლილების კონვენციის ფარგლებში და კონკრეტულად საქართველოს დახმარებას დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიის მომზადების მიზნით. მემორანდუმის პრიორიტეტული მიმართულებებია: საქართველოში შესაძლებლობათა გაძლიერება დაბალემისიებიანი განვითარების სტარტეგიის შექმნისა და განხორციელებისთვის; სუფთა და სასარგებლო ენერგორესურსების მოხმარების გაზრდა და ხელშეწყობა; სათბური გაზის ეროვნული ინვენტარიზაციის სისტემის განვითარების ხელშეწყობა; მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება დაბალემისიებიანი ეკონომიკური ზრდის მიზნით ინვესტიციების ხელშესაწყობად; ეკონომიკური და ტექნიკური მოდელირების ზომების გაძლიერება; საქართველოს ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესება.

ამ მემორანდუმის ფარგლებში ქვეყანაში მიმდინარეობს პროექტი „ადგილობრივი პოტენციალის გაძლიერება დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიის განხორციელების მიზნით, სუფთა ენერგია (EC-LEDS)“. პროექტი შედგება სამი ძირითადი კომპონენტისაგან: 10 მუნიციპალიტეტის პოტენციალის გაძლიერება ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმების (SEAP) მომზადების მიზნით; მწვანე შენობების განვითარების ხელშეწყობა და მთავრობის დახმარება დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიის მომზადებაში. პროექტის პირველ და მესამე კომპონენტებს ერთობლივად ასრულებენ „ვინროკ ინტერნეშიონალი“ და მდგრადი განვითარების ცენტრი-რემისია.

 

ამ ეტაპზე 9 მუნიციპალიტეტის (ქ. ახალციხე, ქ. ბათუმი, ბოლნისი, ქ. გორი, ქ. ზუგდიდი, ქ. თელავი, თემი თელავი, ქ. მცხეთა, ქ. ქუთაისი) მიერ მომზადებულია ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმა და საპილოტე პროექტები, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა მოამზადა მონიტორინგის ანგარიში და განაახლა 2011 წელს რემისიის დახმარებით მომზადებული და ევროკავშირში წარდგენილი ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმა. მესამე კომპონენტის ფარგლებში დასრულდა დაბალემისიებიანი სტრატეგია ენერგეტიკის სექტორისათვის და ამჟამად მიმდინარეობს სტრატეგიების მომზადება სხვა (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და ნარჩენები) სექტორებისათვის. მესამე კომპონენტი უნდა დასრულდეს 2017 წლის სექტემბრის ბოლოს. პროექტის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმირებულობის დონის ზრდა როგორც ეროვნულ, ასევე მუნიციპალურ სტრუქტურებში. ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი SEAP-ები, მონიტორინგის ანგარიში, პუბლიკაციები და პრეზენტაციები შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებ-გვერდის შესაბამის სექციებში.



    ჩვენი მისია და პრინციპები

  • მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისია“-ს მისია არის საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მდგრადი განვითარების პრინციპების გატარებაში და დეცენტრალიზაციის პროცესების ეფექტურად წარმართვაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისა და რეგიონებისათვის/მუნიციპალიტეტებისათვის პოლიტიკის განსაზღვრის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებისა და განხორციელების პროცესებში მონაწილეობის გზით.
  • ქვეყანაში თანამედროვე ცოდნის, ანალიტიკური მეთოდებისა და მოდელების, ასევე უახლესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემოტანის ხელშეწყობა; ადგილობრივი ცოდნისა და „ნოუ-ჰაუ“-ების განვითარების და მათი საბაზრო სახემდე მიყვანის ხელშეწყობა; ადგილობრივი და ეროვნული ექსპერტების და დაინტერესებული მხარეების პოტენციალის გაზრდა.
  • ამ მისიის შესრულების პროცესში, „რემისიის“ ძირითადი მიდგომაა თავისი ძალისხმევა მიმართოს იმე კოსისტემებისაკენ, სექტორებისა და რეგიონებისაკენ, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადი არიან კლიმატის ცვლილების მიმართ ან რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ კლიმატის ცვლილების გლობალურ პროცესებში.
  • გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
  • ადამიანის უფლებათა დაცვა და გენდერული საკითხების ინტეგრირება მის საქმიანობაში „რემისია“-ს ძირითადი პრინციპებია.
  • ვრცლად იხილეთ

 


ჩვენი ხედვა

 

გლობალური გამოწვევები

 

კლიმატის დათბობა აშკარაა და 1950-იანი წლების შემდგომ დაკვირვებული ცვლილებები უპრეცედენტოა ბოლო მილიონი წლის განმავლობაში. ატმოსფერო და ოკეანე გათბა, ყინულისა და თოვლის საფარი შემცირდა და ზღვის დონემ აიწია. სათბურის გაზების ანთროპოგენული ემისიები გაიზარდა წინა ინდუსტრულ პერიოდთან შედარებით და ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე, რისი მიზეზიც ძირითადად დემოგრაფიული და ეკონომიკური ზრდაა.

 

სამხრეთ კავკასია

 

სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოიცავს კავკასიონის სამხრეთ ნაწილსა და დაბლობებს და წარმოადგენს საზღვარს ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის. იგი ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია დიდი კავკასიონის მთაგრეხილით, სამხრეთით თურქეთისა და სომხეთის საზღვრით, დასავლეთით შავი ზღვითა და აღმოსავლეთით - კასპიის ზღვით. სამრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო საუკუნეში მიმდინარე დათბობის უტყუარი ნიშნები არსებობს

საქართველოს მიდგომა

 

საქართველო აქტიურ ნაბიჯებს დგამს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ეს მოიცავს როგორც სათბურის გაზების ემისიების შემცირებას - ასევე კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციას. საქართველო წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დანართ ერთში არ შესულ ქვეყანას. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით მას არ გააჩნია თავისი ტერიტორიიდან სათბურის გაზების ემისიების შემცირების რაოდენობრივი ვალდებულება.